English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ჟანა თოლორდავა
ციფრული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

ჟურნალი N 3.2023

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ციფრულმა ტექნოლოგიებმა დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. დიგიტალიზაცია არის ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებისა და დანერგვის პროცესი საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკა, კულტურა, განათლება და ა.შ. დღეს ახალი ციფრული ტექნოლოგიები, ინოვაციური ბიზნეს - მოდელები საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში ინერგება, რამაც ციფრული ეკონომიკის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
დიგიტალიზაცია განათლების სფეროში რამდენიმე ამოცანას მოიცავს, ესენია: პროფესორ-მასწავლებელთა უნარებისა და შესაძლებლობების სრულყოფა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, მატერიალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ონლაინ სწავლების გაუმჯობესება; ციფრული პროგრამების დანერგვა სასწავლო პროცესში.
ამასთან დაკავშირებით განათლების დიგიტალიზაციის საკითხებისა და მისი აქტუალური პრობლემების შესწავლა სამეცნიერო კვლევის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი სფერო გახდა.
საკვანძო სიტყვები: დიგიტალიზაცია, ციფრული ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაციები, ციფრული პროგრამები, სასწავლო პროცესის ვიზუალიზაცია.

შესავალი

დიგიტალიზაცია, განათლებაში არის გადასვლა ელექტრონულ სასწავლო სისტემაზე. ყველა სასწავლო მასალა (სახელმძღვანელოები, ონლაინ-ლექციები), ასევე ცოდნის შეფასების ელექტრონული ჟურნალები, რაც უნდა გამოიყენონ არამხოლოდ მასწავლებლებმა, არამედ სტუდენტებმა და მშობლებმაც განრიგის, შეფასებებისა და დავალებების შემოწმების მიზნით. ჩვეულებრივ პრაქტიკუმებს, კოლოკვიუმებს, ტესტებსა და დავალებებს სტუდენტები კომპიუტერზე და პლანშეტზე შეასრულებენ. ამასთან ერთად, ამით მათ ეძლევათ ვიზუალური ინფორმაციის (ფერადი ვიდეომასალების, ილუსტრაციების) გამოყენების საშუალება, რაც მეცნიერთა აზრით, მოტანილი მასალის უკეთ დამახსოვრებას უწყობს ხელს და სასწავლო პროცესს უფრო შემოქმედებითს ხდის.
ი. რობერტი სასწავლო პროცესში გამოყოფს პროგრამული საშუალებების გამოყენების შემდეგ მეთოდურ მიზნებს (თოლორდავა, 2015):
• შესასწავლი პროცესებისა და მოვლენების მოდელირება და იმიტირება;
• ლაბორატორიაში რეალური ექსპერიმენტის ჩატარება კომპიუტერული იმიტაციის პირობებში;
• სწავლების თვითკონტროლისა და თვითკორექციის განხორციელება;
• სწავლების პროცესის ინდივიდუალიზაცია და დიფერენცირება;
• სასწავლო დროის გამოთავისუფლება კომპიუტერის საშუალებით შრომატევადი და რუტინული გაანგარიშებების შესრულების ხარჯზე;
• სასწავლო პროცესის ვიზუალიზაცია;
• სხვადასხვა სიტუაციაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარის ფორმირება;
• შემეცნებითი კულტურის ჩამოყალიბება და სხვ.
აუცილებელია საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესება არამხოლოდ ცალკეული დისციპლინების დიგიტალიზაციის გზით, არამედ ინტერდისციპლინარული მიდგომით, განათლების საგნების ცალკეულ სფეროებსა და პროფესიულ დისციპლინებს შორის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, სხვადასხვა სახის აქტივობის (საგანმანათლებლო, სასწავლო და კვლევითი-სამეცნიერო) ინტეგრაცია, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ხელმისაწვდომი ინფორმაციის უკეთ გამოყენების გზით, ასევე სტუდენტთა მოტივაციისა და მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობის ამაღლებით მიიღწევა მომავალ სპეციალისტთა ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბება მაღალგანვითარებულ საინფორმაციო გარემოში.
ამ პირობებში ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა, განმავითარებელი და პროექტზე დაფუძნებული სწავლება, საქმიანი თამაშები, ვიზუალიზაცია, იმიტაციური მოდელირება, დისტანციური სწავლება დიდ პედაგოგიურ პოტენციალს მოიცავს, რაც იწვევს სწავლებისადმი ინტერესის გაღვივებას და თეორიული და პრაქტიკული მასალის უკეთ ათვისებას.
ამრიგად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის ახალ პერსპექტივებს სტუდენტების კარიერისა და სოციალური თვითრეალიზაციისთვის, ხოლო დიგიტალიზაცია ხელს უწყობს სტუდენტების ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ ინფორმაციულ გარემოში ცხოვრებისათვის (Шишкина, Гаттарова, Исламов, 2021).

ციფრული ტრანსფორმაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

საინტერესოა თვით სტუდენტების აზრი განათლების დიგიტალიზაციის ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ამ ინოვაციამ გარკვეული რეპუტაცია მოიპოვა სტუდენტებში, რომლებიც ხაზს უსვამენ ისეთ დადებით ასპექტს, როგორიცაა მობილურობა, რადგან განათლება არის ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს.
მეორე დადებითი თვისება აღმოჩნდა პრაქტიკულობა, რაც იმით გამოიხატება, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები არ ფუჭდება ისე, როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი.
მესამე დადებითი თვისება სტუდენტებისთვის ფიზიკური მოხერხებულობა აღმოჩნდა, რადგან მძიმე წიგნების ტარება დიდ დისკომფორტს უქმნის მათ. მეოთხე დადებითი მახასიათებელია ეკონომიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გამოიხატება სასწავლო ლიტერატურის შეძენაზე ხარჯების შემცირებით და ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ხე-ტყის რესურსის დაზოგვით (Гордеева и др. 2021).
განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უდავოდ პროგრესული მოვლენაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიგიტალიზაციას უარყოფითი მხარეებიც აქვს, ამიტომ მისი განხორციელება გაანალიზებული და დასაბუთებული უნდა იყოს. მეცნიერების აზრით, განათლების დიგიტალიზაციის ეს მხარეებია გონებრივი აქტივობის დაქვეითება, კრეატიულობის ნაკლებობა, ცუდი სოციალიზაცია, უარყოფითი შედეგების რისკი (https://plusiminusi.ru/cifrovizaciya-obrazovaniya-osnovnye-plyusy-i-minusy/, 2021).
გონებრივი აქტივობის დაქვეითება. ეს მოვლენა უკვე შეინიშნება. ადამიანი არ ცდილობს ინფორმაციის დამახსოვრებას, მის გაანალიზებასა და გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი გახდა ინტერნეტთან წვდომა. მაღალი გონებრივი აქტივობის მქონე პიროვნება უკეთესად იმახსოვრებს, უფრო სწრაფად აკეთებს ანალოგიებსა და დასკვნებს წინა გამოცდილების ან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის, როგორც კარიერაში, ასევე ცხოვრებაში.
ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეკრანებთან ხანგრძლივი ჯდომა, უპირველეს ყოვლისა გავლენას ახდენს მხედველობაზე და მცირე მოტორიკაზე. კლავიატურასა და პლანშეტთან მუშაობამ შეიძლება შეცვალოს ძვლების, სახსრებისა და კუნთების სტრუქტურა.
კრეატიულობის ნაკლებობა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფერები ადამიანებს
ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება. ზრდასრულებსაც კი მოუწოდებენ დასამახსოვრებელ ტექსტებში შეიტანონ საკუთარი მცირე ცვლილებები, დამახსოვრების ე.წ. საცნობარო (საყრდენი) სიგნალები. კრეატიულობა ასევე ხელს უწყობს შემოქმედების განვითარებას, პროგრესულ მიდგომას, ფანტაზიისა და ორიგინალურობის არსებობას. ინფორმაციული ტექნოლოგია კი გამორიცხავს თვითგამოხატვის შესაძლებლობას და რჩება "მშრალი" ხასიათის ელექტრონული ვერსია, რასაც მომხმარებლები სწრაფად ეჩვევიან.
ცუდი სოციალიზაცია. მოსწავლე, რომელიც პირველად მოდის სკოლაში, მაშინვე ხვდება სხვა სოციუმში, სადაც არავის იცნობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ის იღებს არამხოლოდ ცოდნას, არამედ იძენს მეგობრებს, სწავლობს საზოგადოებასთან ურთიერთობას. საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერთან დიალოგური რეჟიმით მუშაობა საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სოციალიზაციის დონეს, რაც გავლენას ახდენს პიროვნების შემდგომ განვითარებაზე. სოციალური უმწიფრობა, რაც სტუდენტს მოსდევს სკოლიდან, შეიძლება დაიძლიოს უნივერსიტეტში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით (იმიტაციური ექსპერიმენტები, საქმიანი თამაშები და სხვ.), სადაც მას უხდება მუშაობა გუნდურად და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება.
სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი ბიზნესმენისთვის, მისი აუცილებელი კომპეტენციაა, ვინაიდან ის დიდწილად გადამწყვეტია წარმატებული ბიზნესის მისაღწევად სოციალურ გარემოში შესვლის გზით, მისი სოციალური ნორმების, წესებისა და ღირებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევების დაუფლებით, რაც მას საშუალებას მისცემს წარმატებით იმოქმედოს საზოგადოებაში (თოლორდავა, 2021).
უარყოფითი შედეგების რისკი. ეს ცვლილებები რადიკალური იქნება. დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, იქნება თუ არა ასეთი ინოვაციები დადებითი. ეს სისტემა პირველად იქნება გამოყენებული, რის გამოც შეუძლებელია მისი შედარება რაიმე ანალოგთან.

მასწავლებლის როლი და ფუნქცია ციფრული ტექნოლოგიების პირობებში

ციფრული ტექნოლოგიების პირობებში პროფესორ-მასწავლებლების როლი და დანიშნულება არსებითად შეიცვლება. პროფესიონალების უმრავლესობა, რომლებსაც ჩაანაცვლებს რობოტები და ვირტუალური სისტემები, დაკარგავს სამსახურს. საჭირო გახდება ელექტრონული სწავლების მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება (თოლორდავა, 2021).
ციფროვიზაციის პირობებში მასწავლებელი ყოველთვის იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ ინსტრუმენტების ღრმად ათვისების შემდეგ მასწავლებლები ამუშავებენ კონკრეტულ სასწავლო ამოცანებს და ამით აყალიბებენ ე.წ. Learning - სისტემას (სასწავლო სისტემა), რათა შემდგომში გამოიყენონ სასწავლო პროცესში. შედეგად, მასწავლებლები არამხოლოდ იძენენ ახალ უნარებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ სტუდენტებს მოამზადებენ მათი მომავალი პროფესული საქმიანობის ამსახველი პრაქტიკული ამოცანებისა და იმიტაციური მოდელების ათვისებით.
სასწავლო პროცესში ციფრულ ტექნოლოგიებთან ერთად მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ გეიმიფიკაციის (თამაშის) მეთოდები.
გეიმიფიკაცია განათლებაში არის „სერიოზული“ თამაშების გავრცელების პროცესი განათლების სხვადასხვა სფეროზე, რაც სწავლებისა და აღზრდის საშუალებას იძლევა, ამავდროულად ის საგანმანათლებლო მუშაობის ფორმა და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საშუალებაა.
მმართველობით და ეკონომიკურ თამაშებში ჩადებულია თავისუფალი მოქმედების პრინციპი, რაც ექსპერიმენტირებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფართო საშუალებას იძლევა (პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტის განხილვით) ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რაც შეუძლებელია რეალურ ცხოვრებაში ნატურული ექსპერმენტის ჩატარების პირობებში (Толордава, 2020).
იტალიელი კოლეგების აზრით, „ თამაშებსა და სხვა ციფრულ საშუალებებში სტუდენტებს ეძლევათ მუშაობის ავტონომიის, კომპეტენციების ზრდის შესაძლებლობები. სათამაშო ელემენტების ჩართვა სასწავლო სცენარებში არის საშუალება, რომ სტუდენტებმა მეტი ცოდნა მიიღონ, დამოუკიდებლად იმოქმედონ, გადაწყვეტილების მიღების მუშაობის ჯგუფურ რეჟიმში გამოიყენონ ცოდნა, უნარ-ჩვევები და ისწავლონ სხვებისგან“ https://it.qaz.wiki/wiki/Gamification_of_learning, 2022).
სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის მასწავლებლის როლს, გარდა აკადემიური, დიდაქტიკური, პერცეპტიული და მეტყველებითი ნიჭის ფლობისა, მას ემატება სხვა მისიაც. ის უნდა იყოს სასწავლო პროცესის მენეჯერი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სტუდენტთა კოლექტივს გარკვეული პროგრამის დაუფლების მიზნით, აკონტროლებს მათ ინდივიდუალური დავალებების, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებისა და კონსულტირების საშუალებით.

სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების სამამულო გამოცდილება

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა სწორედ სწავლების ახალი ტექნოლოგიების, ციფრული პროგრესული მეთოდების შერჩევას, კონსტრუირებას და გამოყენებას მოიცავს. აქ შემუშავებულია კომპიუტერული და ე.წ. „სამაგიდო“ სიმულაციური ბიზნესმოდელები, კომპიუტრული იმიტაციები (Impliciti-ს, საწარმოს დიაგნოსტიკის, გეოეკონომიკური იმიტაციური მოდელების სახით). ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული learning სისტემები, სადაც შედის მაკონ¬ტროლებელი, მატე¬ტი¬რებელი და ბიჰე¬ვიორული ექსპერტული learning პროგ¬რამები.
აღსანიშნავია, რომ ცენტრში, პირველად საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოყენებულ იქნა ჯერ ელექტროგამომთვლელი მანქანა, შემდეგ კი კომპიუტერული ტექნიკა (თოლორდავა, 2017).
ცენტრის იმიტაციური მოდელები შესულია საერთაშორისო კატალოგებში და რეკომენდებულია სასწავლო პროცესში დასანერგად, თვით ავტორი კი არის იმიტაციური მოდელირების მსოფლიო ასოციაციის ISAGA- ს წევრი, მოპოვებული აქვს ორი ვერცხლის ჯილდო ევროპაში, ჰეკელის მედალი ეგმ-ზე მოდელების შემუშავებისათვის და მრავალი დიპლომი და სიგელი.
ბიზნესსწავლებისთვის დამახასიათებელია მეცადინეობის სხვადასხვა მეთოდის სიმრავლე, რომლის მეშვეობით გადაიცემა არამარტო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები, არამედ მომავალი პროფესიული ბიზნეს-საქმიანობის რეალური გამოცდილებაც. ასეთებია: ინტერაქტიული მეთოდები,
ანუ საქმიანი (სიმულაციური) თამაშები, კოგნიტიური მოდელები, კეისმეთოდი, ექსპერტული სისტემები და სხვ. ყველა ეს მეთოდი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ცენტრის მიერ, სტუდენტებს უვითარებს ბიზნესის, მენეჯმენტის, სფეროში აუცილებელ სოციალურ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: კომუნიკაციის ხელოვნება, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება, საკუთარ თავზე რისკის აღება, ცვლილებებისადმი ადაპტირება ან მათი მართვა და სხვ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მეთოდებში კიდევ ერთ ასპექტს – სოციალიზაციისადმი სტუდენტში უნარის განვითარებას. სოციალიზაცია, რომლის არსია ადამიანის კონკრეტული საზოგადოებისადმი შეგუება ან მისი იგნორირება, ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის წარმატებული ბიზნესის ერთერთი პირობაა (Tolordava, 2017).
აღსანიშნავია, რომ ცენტრის მუშაობა წარიმართება სწავლების შერეული ფორმატთ, როდესაც გამოიყენება როგორც სწავლების ტრადიციული ოფლაინ-რეჟიმი თავისი სემინარებითა და პრაქტიკუმებით, ასევე ონლაინ-ტექნოლოგიები. ტრადიციულ ოფლაინ ფორმატშიც იყენებენ სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს. ასე, მაგალითად, მიღებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ე.წ. „ბინარული სემინარი“, რომლის დროს გამოდის ორი მომხსენებელი და დიალოგის ფორმატით აუდიტორიას მოახსენებს სასემინარო მასალას, რაც მსმენელთა დაინტერესებასა და გააქტიურებას იწვევს.
ასევე გამოიყენება „შეჯიბრის ტიპის“ როლებრივი სემინარი, სადაც სტუდენტები გუნდებად იყოფა, რომლის შემადგენლობაში არიან გუნდის „ლიდერი“ (ხელმძღვანელი), „მომხსენებლები“, „ოპონენტები“ და „არბიტრები“. სემინარის მონაწილეთა ასეთი პერსონიფიკაცია და გუნდთაშორის შეჯიბრის რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს მათ საქმიან აქტიურობას. ამ ტიპის სემინარის გამოყენება შესაძლებელია სწავლების ონლაინ-რეჟიმის ფორმატშიც.

სწავლების შერეული ფორმატი

განათლების ხელოვნური ინტელექტის (IAIED), საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტის, UCL Knowledge ლაბორატორიის დირექტორის, სტარტაპების EDUCATE აქსელერატორის, პროფესორ როუზ ლაკინის აზრით, ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოა, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. საზოგადოებას არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებადი განათლების სისტემები.
როუზ ლაკინი თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში წერს: „ვაღიარებთ ინფორმატიზაციის მნიშვნელოვან როლს განათლების სისტემის სრულყოფაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლება არის სწავლებისა და აღზრდის ერთიანობა. ცხადია, რომ აღმზრდელობითი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტის პროგრამებში ვერ გადავა, ის რჩება ცოცხალ მასწავლებელთან. ცოდნის სხვადასხვა სფეროს შორის ინტერდისციპლინური კავშირების დამყარების უნარი, ემოციური ინტელექტის განვითარება და გუნდური მუშაობის უნარები ძნელია ჩამოყალიბდეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე. ამ თვალსაზრისით ადამიანს ვერ შეცვლის ალგორითმი“ (Luckin R.).
აქედან გამომდინდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ციფრული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა არ გულისხმობს ტრადიციული სწავლების ფორმების სრულ გაუქმებას უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებსა და სკოლებში. საჭიროა და აუცილებელიც არის სწავლების შერეული ფორმატის დანერგვა, რომელიც გაზრდის სწავლების ეფექტიანობას, სტუდენტებს გამოუმუშავებს საქმიან აქტივობას, კომუნიკაციის დამყარების უნარებს, ჩამოუყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობასა და თვითდისციპლინას . ამასთან ერთად, ამ ფორმატში შემავალი ინფორმაციული სერვისებითა და ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი ხდება სტუდენტების მუდმივი თვითგანვითარება, ცოდნის არეალის გაფართოება და სრულყოფა. ამ შემთხვევაში ციფრული ტექნოლოგიები მოქმედებს როგორც სასწავლო პროცესის ინტელექტუალური მხარდაჭერის მძლავრი საშუალება.

დასკვნა

საჭიროა შეიქმნას ეროვნული და საერთაშორისო სტრუქტურები, რომელთა კომპეტენციაში შევა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების სახელმწიფო და საერთაშორისო ექსპერტიზა საზოგადოებისა და განათლების სისტემისთვის მათი უსაფრთხოების დადგენის მიზნით. ამ ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად სისტემური პროგრამირების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ შემოქმედების თავისუფლების შეზღუდვაზე კაცობრიობისთვის პოტენციურად საშიშ სფეროებში.
ამასთან ერთად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ინტერნეტი ცოდნის მიღების უზარმაზარი სივრცეა, მაგრამ ეს მასშტაბურობა ზოგჯერ შეიძლება იყოს პრობლემა, ვინაიდან აქ იყრის თავს უამრავი დაბალი ხარისხის ინფორმაციული რესურსი, რომელიც იძლევა არასწორ მონაცემებსა და დასკვნებს. აქ უკვე საქმე გვაქვს ე.წ. ფსევდოსწავლებასთან და, შესაბამისად, მავნებლობასთან. ამიტომ, საჭიროა პროფესიონალების მიერ დამოწმებული მაღალი რეპუტაციის მქონე საიტები.
პუბლიკაციების ავტორები თვლიან, რომ განათლების დიგიტალიზაციისთვის მნიშვნელოვანია დროში გამოცდილი და მეცნიერულად დადასტურებული საგანმანათლებლო რესურსების არსებობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისთვის. ამასთან დაკავშირებით რჩევას აძლევენ მათ გამოიყენონ ისეთი ე.წ. „სანდო საიტები“, როგორიცაა ვიკიპედია, ონლაინ ბიბლიოთეკები და ვებინარები, სადაც არიან სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
მნიშვნელოვანია შერეულ საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის პირობების შექმნა და დამატებითი უნარების გამომუშავება

ლიტერატურა:

• თოლორდავა ჟ. (2015). ინფორმატიკა და იმიტაციური მოდელირება. საერთაშორისო კონფერენცია „ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში“. თბილისი
• Шишкина Ю. М., Гаттарова Л. Х., Исламов А. Э. (2021). Классификация и инструменты современных цифровых технологий в образовании // Актуальные исследования. №47 (74). С. 136-138. URL: https://apni.ru/article/3238-klassifikatsiya-i-instrumenti-sovremennikh
• Гордеева Е.В и др. (2021). Цифровизация в образовании. Journal of Economy and Business, vol. 4-1 (74), . (cyberleninka.ru)
• Цифровизация образования — основные плюсы и минусы. https://plusiminusi.ru/cifrovizaciya-obrazovaniya-osnovnye-plyusy-i-minusy/ 2022
• თოლორდავა ჟ. (2021). მომავლის განჭვრეტადი პროფესიების კომპტენციების ფორმირება. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ № 4.
• Толордава Ж. (2020). «Серьезные игры» и образование ჟურნ. „ეკონომიკა“ №10-12.
• Gamificazione dell'apprendimento. https://it.qaz.wiki/wiki/Gamification_of_learning, 2022
• თოლორდავა ჟ. (2017). ბიზნესგანათლება ცოდნის ეკონომიკის ფორმირების საფუძველი. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ №2, თბილისი.
• Tolordava Zh. (2017). Development of the professional identity of the economics students trough the simulation modeling method. 10th edition of the International Conferences “Advances in Science, Innovation and Management" Romania.
• Савельева В. В., Савельева С. Е. (2021). Цифровые технологии в учебном процессе. Cборник научных трудов по материалам Международной научно-практической конференции.: Белгород С. 13-18. URL: https://apni.ru/article/1895-tsifrovie-tekhnologii-v-uchebnom-protsesse
• Luckin R. (2020). The Role of Artifi cial Intelligence in Education. Neuromation / Rose Luckin. – URL: https://medium.com/neuromation-ioblog/the-role-of-artificial-intelligence-in-education-7010aeb17ef1, last accessed 2020/04/20

References:

• Tolordava ZH. (2015). inpormatika da imitatsiuri modelireba. [Informatics and Simulation Modeling. International Conference "Modern Information Technologies in the Conditions of Economic Globalization". Tbilisi] in Georgian
• Shishkina Yu. M., Gattarova L. Kh., Islamov A. E. (2021). Klassifikatsiya i instrumenty sovremennykh tsifrovykh tekhnologiy v obrazovanii. [Classification and Tools of Modern Digital Technologies in Education // Current research. No. 47 (74). pp. 136-138.] In Russian URL: https://apni.ru/article/3238-klassifikatsiya-i-instrumenti-sovremennikh
• Gordeeva E.V. et al. (2021). Tsifrovizatsiya v obrazovanii. [Digitalization in Education. Journal of Economy and Business, vol. 4-1 (74) (cyberleninka.ru).] in Russian
• Tsifrovizatsiya obrazovaniya - osnovnyye plyusy i minusy. [Digitalization of Education - Main Pros and Cons.] In Russian https://plusiminusi.ru/cifrovizaciya-obrazovaniya-osnovnye-plyusy-i-minusy/ 2022
• Tolordava Zh. (2021). momavlis ganchvretadi propesiuli kompaniebis pormireba. [Formation of Future Foresight-Competecies, "Economics and Business" No. 4.] in Georgian
• Tolordava Zh. (2020). «Seryeznyye igry» i obrazovaniye, ["Serious Games" and Education. Economics #10-12.] in Georgian
• Gamificazione dell'apprendimento. https://it.qaz.wiki/wiki/Gamification_of_learning, 2022
• Tolordava Zh. (2017). biznesganatleba tsodnis ekonomikis pormirebis sapudzveli [Business Education is the Basis for the Formation of the Knowledge Economy. "Economics and Business" No. 2, Tbilisi.] in Georgian
• Tolordava Zh. (2017). Development of the Professional Identity of the Economics Students trough the Simulation Modeling Method. 10th edition of the International Conferences “Advances in Science, Innovation and Management" Romania.
• Savelyeva V.V., Savelyeva S.E. (2021). Tsifrovyye tekhnologii v obrazovatelnom protsesse. [Digital Technologies in the Educational Process. Collection of Scientific Papers Based on the Materials of the International Scientific and Practical Conference.: Belgorod, pp. 13-18.] in Russian URL: https://apni.ru/article/1895-tsifrovie-tekhnologii-v-uchebnom-protsesse
• Luckin R. (2020). The Role of Artifi cial Intelligence in Education. Neuromation / Rose Luckin. – URL: https://medium.com/neuromation-ioblog/the-role-of-artificial-intelligence-in-education-7010aeb17ef1, last accessed 2020/04/20

Keywords: Digitalization, digital technologies, digital transformation, digital programs, visualization of the educational process.
JEL Codes: O30, O31, O32, O33